დავითაძემ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებაზე კატეგორიული უარი განაცხადა - ადვოკატი
პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აპელაციის ეტაპზე, უარი თქვა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე.
დარეჯან სულაშვილის თქმით, ვიდრე გაუპატიურების საკითხი გახდებოდა საჯარო, მანამდე იყო აპელაციის ეტაპზეც საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება.
მე ახლა მოვდივარ გიორგისგან და მოგიყვებით, რა აქცენტები გააკეთა მან. მისი პროტესტის ფორმა არ შემოფარგლება, მხოლოდ “ვივა მედში“ არ წასვლით. გიორგიმ სხვა პროტესტსაც მიმართა, ამ აპელაციის ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება პროკურატურასთან, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, და გიორგიმ კატეგორიული უარი განაცხადა ამ მოლაპარაკებაზე. ეს იყო ორმხრივი მოლაპარაკება, ვიდრე გაუპატიურების საკითხი გახდებოდა საჯარო, მანამდე იყო აპელაციის ეტაპზეც საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, შეთანხმების პირობებზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან თავად უშუალოდ პროცესში არ მონაწილეობდა.
ვერ გეტყვით, მე არ ვარ მონაწილე პირი ამ საპროცესო შეთანხმებაში, მაგრამ ახლა გიორგი აცხადებს უარს ყოველგვარ მოლაპარაკებაზე ვიდრე, ის საფრთხეები, რაც გააჩნიათ იმ ადამიანებს-პატიმრებს, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა გიორგის, არ აღიკვეთება. გიორგი შიშობს, რომ იმ პატიმრების მიმართ, ვინც მას სოლიდარობა გამოუცხადა განხორციელდეს პროვოკაციები და დაემატოთ სასჯელები. სწორედ ამ საფრთხეების აღმოფხვრას ითხოვს გიორგი და გარდა იმისა, რომ არ გადადის სამკურნალო დაწესებულებაში, მოგვიწოდებს ადვოკატებს, შევაჩეროთ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, - ამბობს სულაშვილი.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
- უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.