პენიტენციური სამსახური საია-ს მიერ გავრცელებული განცხადებას პასუხობს

08.10.26 14:46
პენიტენციური სამსახური საია-ს მიერ გავრცელებული განცხადებას პასუხობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა, სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელისშეშლასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.

პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმირებულია ყველა მოქმედი ადვოკატი. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის შესახებ აცხადებს. საიას ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძეს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია.

ორგანიზაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები