ფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა

08.10.26 17:03
ფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობა დაადასტურეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. პრემიერის თქმით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

ლევან ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტას“ 2012 წლიდან 2025 წლის ზაფხულამდე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ის გიორგი ერაძემ შეცვალა. 

კომპანიის ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 8,6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. კომპანიის წლიური ამონაგები 3,5%-ით შემცირდა და 82,3 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები