თინა კანდელაკსა და რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობაში ჩართულ პირებს ევროკავშირმა სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

08.10.26 18:59
თინა კანდელაკსა და რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობაში ჩართულ პირებს ევროკავშირმა სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2027 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის საზღვარგარეთ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე.

სანქცირებულთა შორის არის ტელეწამყვანი და გაზპრომის მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე, რუსი პროპაგანდისტი თინათინ (თინა) კანდელაკი.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, კანდელაკი ეწევა პროპაგანდას, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი კანდელაკის მედია სტრუქტურები მონაწილეობდნენ უკრაინული ტელეარხების რუსულით ჩანაცვლებაში.

საბჭოს ცნობით, სანქციების გახანგრძლივების მიზეზი რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის გაგრძელება და გაძლიერებაა, მათ შორის, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების წინააღმდეგ საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა.

სანქციები ამჟამად 80 პირსა და 20 ორგანიზაციაზე ვრცელდება. შეზღუდვები მათი აქტივების გაყინვას ითვალისწინებს, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს სანქცირებული სუბიექტებისთვის ფულის, ფინანსური აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება ეკრძალებათ. ამას გარდა, სიაში მოხვედრილ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ტრანზიტიც ეკრძალებათ.

სანქციების ეს რეჟიმი ევროკავშირმა 2024 წლის 8 ოქტომბერს შექმნა.

მსგავსი სიახლეები