გაუპატიურებაზე საჯაროდ საუბარი იყო პირადად ჩემი ძმის გადაწყვეტილება, მადლობა მას ამ გამბედაობისთვის - დავითაძის და
რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხის პატიმარის, გიორგი დავითაძის და, ლიკა დავითაძე ამბობს, რომ გაუპატიურებაზე ხმამაღლა საუბარი პირადად მისი ძმის გადაწყვეტილება იყო.
ქალის თქმით, ის ფაქტი, რომ მისმა ძმამ ამაზე საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა, ნიშნავს იმას, რომ გიორგი დავითაძეს სხვა თავდაცვის საშუალება არ ჰქონდა.
როგორც ლიკა დავითაძე ინგა გრიგოლიას გადაცემა "რექაციაში" ჰყვება, ურთულესია იმ გზის გავლა, რასაც ახლა დავითაძეები და თავად მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმარი გადის.
ველოდით, რომ პრპოპაგანდის მანქანას აამუშავებდნენ, რომ დაემალათ დანაშაული - ერთი პროცენტით მაინც ხო შეიძლება დაუშვან "ოცნების" წევრებმა, ამ განცხადებებს რომ აკეთებენ, რომ გიორგი სიმართლეს ამბობს, რომ წინასწარ აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე გიორგიმ თავი მოიჭრა ამის თქმით.
ეს იყო გიორგი დავითაძის გადაწყვეტილება. მან იპოვა თავის თავში გამბედაობა და მინდა ამისთვის ჩემს ძმას თქვენი ეთერით მადლობა გადავუხადო.
მთელი ოჯახი განადგურებულებვი ვართ და ურთულესია ამ გზის გავლა, რასაც ჩვენ გავდივართ.
ოჯახის წევრებს არ გვქონია მასთან საუბარი ამის შემდეგ. სატელეფონო საუბარი კი გვქონდა, დაარეკინეს, შეზღუდვა აქვს მაგრამ დაარეკინეს. გახარებულია, რომ ჩვენ ვიბრძვით მისი სიმართლის დასამტკიცებლად და არის მხნედ.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცით ამ ეტაპზე როგორია მას შემდეგ ის ნივთი გადაყლაპა.
მე ამ ამბის შესახებ გავიგე სასამართლოდან, შემდეგ ტელევიზიით რომ გავრცელდა და მერე პენიტენცირუმა რომ აჩვენა კადრები. ამ კადრებით ჩემთვსი ყველაფერი დასტურდება.
გიორგის მინდა ვუსურვო მხნეობა, გამბედაობა. მას მართლა დიდი გამბედაობა ჰქონია. მე კი ვიცოდი, რომ გიორგი ძლიერი ადამიანია, მაგრამ არ ველოდი, რომ ამას შეძლებდა. ეს ნიშნავს, რომ ეს ისევ იმ ადამიანების ხელშია, დაუცველია და სხვა დაცვის მექანიზმი მას არ გააჩნია, რადგან მისი ციხის მოძალადე უფროსი და ის ბადრაგები ისევ რჩებიან თანამდებობაზე", - ამბობს დავითაძის და.
რუსთავის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში ბადრაგი სექსუალურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე ათამდე ბადრაგმა იძალადა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
ამის შემდეგ პატიმრის ოჯახმა საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომა მოითხოვა - ასევე იმ ბადრაგის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში პატიმარმა ამხილა.
მომხდარს დიდი პროტესტი მოჰყვა, როგორც დავითაძის ოჯახის და მოქალაქეების მხრიდან, ისე პატიმრებშიც. რამდენიმე პატიმარმა დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატების მიერ ციხიდან გამოტანილი ინფომაციის თანახმად, პატიმრების პროტესტს ბადრაგების მხრიდან სადამსჯელო ოპერაცია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი.
თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა, ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.