„ბიტექსჩეინჯი“ ეროვნულ ბანკს პასუხობს
კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ ეროვნული ბანკის განცხადებას პასუხობს, რომელშიც სები კომპანიისთვის 572 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ბიტექსჩეინჯის“ პასუხს "პუბლიკა" ავრცელებს. კომოანია ეროვნული ბანკის განცხადებას „დაუსაბუთებელს და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს. კომპანიის შეფასებით, ასევე დაუსაბუთებელია მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რომლის კანონიერებაც, მისივე ინფორმაციით, სასამართლოშია გასაჩივრებული.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიუღებელია, როცა ეროვნული ბანკი სადავო დასკვნებს დადასტურებულ ფაქტებად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება სების საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.
კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ განცხადებით, ეროვნულ ბანკს არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
„ეროვნულ ბანკს თვეების განმავლობაში ხელთ ჰქონდა ჩვენი არაერთი ოფიციალური მიმართვა, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი შემოწმების მიმდინარეობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კონკურენტების მიმართ შერჩევითი მოპყრობის გარემოებები. ჩვენ ვითხოვდით ამ საკითხების შესწავლას, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან დროებით ჩამოშორებასა და შემოწმების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას.
ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყო და შესაბამისი რეაგირების ნაცვლად კომპანიას უპრეცედენტო, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და აშკარად არაპროპორციული ჯარიმა დააკისრა“, – წერია განცხადებაში.
კომპანია მარეგულირებლისგან მოითხოვს განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ ყეინიშვილსა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში.
„პასუხს მოითხოვს ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების საკითხი. ეროვნულ ბანკს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. მოვითხოვთ განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება მათი რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში. რატომ გახდა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ჩამოშორება შესაძლებელი მხოლოდ საკითხის საჯაროდ გახმაურების შემდეგ, როდესაც შესაბამისი მოთხოვნა თვეებით ადრე გვქონდა წარდგენილი?“, – წერს კომპანია.
ცნობისთვის, ნსაქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, თუ რატომ დააჯარიმეს „ბიტექსჩეინჯი“ - ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, უსაფუძვლოა და ამტკიცებს, რომ აღნიშნული საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.