მკვლელობა ქორწილში - 24 წლის კაცის მკვლელობისთვის ძებნილი კახეთში დააკავეს
24 წლის გურამ ბოიკოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს ამბობს, რომ დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ბრალდებული სიღნაღის რაიონში დააკავეს:
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერს შსს.
მკვლელობა "პირველების" ინფორმაციით, რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. საკუთარი ძმის ქორწილში მოკლული სტუდენტი ექსპერტიზის ბიუროდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში უკვე გადაასვენეს, სადაც ოჯახი ცხოვრობს.
მოკლულის ახლობლების ნაწილის თქმით, ქორწილის წვეულებაზე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც რესტორნის გარეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. გურამ ბოიკო კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ამჟამად დაკავებულმა პირმა დანა გულში ჩაარტყა.