გიგა ავალიანის დედა: მთელი აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სიხარულით მისცა ყველა ინფორმაცია ალექსანდრე გაბაშვილს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპზეა - ამ წუთებში ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი იწყება.
- გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
მალანიას ადვოკატი ბრალდების პოზიციას არ ეთანხმება და მობილური კავშირის ანძების მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.
ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მალანიას ტელეფონი მუხიანში ფიქსირდებოდა და არა თემქაზე, იმ სადარბაზოსთან, სადაც მათემატიკის მასწავლებელ გიგა ავალიანს სასტიკად გაუსწორდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს დღევანდელი დღის ჩათვლით დადგენილი არ აქვს იმ პირთა ვინაობა, ვინც საუბრობს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერებში, ფარული ჩანაწერების გამოკვლევისთანავე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ გ.მ. არის უდანაშაულო. ისმის სიტყვები, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გ.მ.-ს არავისთვის არანაირი მისამართი არ მიუწოდებია, გ.მ. არავის კონკრეტულ ადგილას არ გაჰყოლია, არავის დახმარებია და გ.მ.-ს ვერანაირად ვერ ეცოდინებოდა, ა.გ. რას აპირებდა, ვინაიდან თვითონვე ის პირი, ვინც საუბრობს, ამბობს, რომ ა.გ.-მ არ იცოდა რას აპირებდაო, - ამბობს მალანიას ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
დაკავებულის ადვოკატს ეკა კუპატაძე არ ეთანხმება, ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესს ესწრება.
მე მოლოდინი მაქვს მაქსიმალური სასჯელის. გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან პირდაპირ, სატელეფონო კავშირით, ვაცაფით, მესინჯერით, ტიკტოკით და ეს მესინჯერი და ტიკტოკი უამრავი ჰქონდა გიორგი მალანიას. 28 სექტემბერს 6-ის წუთებზე დაუკავშირდა ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას იმ მიზნით, რომ გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და უკვე 29-ში, საღამოს 8 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილს ჰქონდა ყველა ცოდნა, უმრავლესი მაინც არ სჭირდებოდა და ჩასაფრებაში იყო უკვე ჩვენს სახლთან. ერთ დღეში, ხალხო, ერთ დღეში! ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ დააშინა გაბაშვილმა მალანია, როგორც ოჯახი ამბობს : "ბოთე, გულუბრყვილო ბავშვი", მანიპულირება კი არ მოახდინა ალექსანდრე გაბაშვილმა, უფრო მეტიც, მთელი აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სხიარულით მისცა ყველა ინფორმაცია ალექსანდრე გაბაშვილს, რაც სჭირდებოდა დანაშაულის სრულყოფისთვის, - ამბობს ეკა კუპატაძე.