გიორგი დავითაძის სასამართლო პროცესი - პატიმრის მოთხოვნით სხდომა გადაიდო
გიორგი დავითაძის საქმე სააპელაციოში - პატიმარმა, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო და დისტანციურად ჩაერთო.
- როგორც ცნობილია, ის ლაითურის ციხეშია გადაყვანილი და მისი ეტაპირება დედაქალაქში ვერ მოხერხდა.
თავად მსჯავრდებულმა მიმართა მოსამართლეს და სთხოვა, რომ პროცესი გადაედო. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, მან სურვილი გამოთქვა, თავადაც დასწრებოდა პროცესს და შესაბამისად, სხდომა გადაიდო.
ბრალდების მხარემ უკვე ვთქვით საბოლოო სიტყვები, გადაიდო რეპლიკების ეტაპზე. გიორგი ამ დროისთვის სხვა დაწესებულებაშია გადაყვანილი, ლაითურის ციხეში. დღეს ის პროცესს არ ესწრებოდა, მხოლოდ ონლაინ იყო ჩართული, მან სურვილი გამოთქვა პროცესზე დასწრების, შესაბამისად გადაიდო სხდომა, რომ გიორგი გამოცხადდეს თავად და დაიცვას თავისი უფლებები, - ამბობს უფლებამდცველი.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
- უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.
რა დაადგინა შაბათის ეთერმა?
- TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
- ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.