ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 9 თვეში 190 მილიონი ლარი შევიდა
საქართველოში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება. გავრცელებული მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ბიუჯეტში ამ გზით 190 მილიონი ლარი შევიდა, წლის ბოლომდე კი თანხამ შესაძლოა 250 მილიონ ლარს მიაღწიოს.
ჯარიმების მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს უკავშირდება. ამასთან, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობა 3 მილიონ ლარს აღწევს.
ჯარიმებისა და დარიცხული საურავების გადახდა მოქალაქეთა ნაწილს უჭირს. მათ შორის არიან მძღოლები, რომლებიც დაგროვილი დავალიანების გამო ავტომობილების საჯარიმო სადგომებიდან გამოყვანას ვერ ახერხებენ.
ჯარიმები არის ძალიან გაზრდილი და მოსახლეობას გვახრჩობენ. ყოველ გაჩერებაზე გამოდიხარ და უნდა იმოძრაო, არ უნდა გაჩერდე არსად, არ არის პარკინგი, მოძრაობა ყველამ კარგად იცის როგორ არის გადატვირთული. კორპუსები კი არ უნდა აშენებულიყო ტროტუარებზე, უნდა ეფიქრათ, პირიქით, გაგანიერებაზე, - ამბობს მოქალაქე.
ჯარიმები გაზრდილია, ადმინისტრაციული ჯარიმები, ესეც კიდევ აწევს მოსახლეობას კისერზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანისთვის ეს ყველაფერი, რაც დღევანდელი ჩვენი შემოსავლებიდან გამომდინარე არის, რთული გადასახდელია, ანუ არაადეკვატური ჯარიმებია, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ჯარიმებიდან საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ოპოზიციაც აკრიტიკებს. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას მოქალაქეების ხარჯზე გეგმავს, მაშინ როდესაც სათამაშო ბიზნესისთვის დამატებით შეღავათებს აწესებს.
თქვენთვის ყველაფერზე ფასი იზრდება, გადასახადების ფასი იზრდება, ახლა ჯარიმების ფასიც იზრდება და 88 მლნ-იან ბრუნვის სათამაშ ბიზნესს, რომელიც აუბედურებს ასობით და ათასობით ოჯახს ამ ქვეყანაში, მათ დამატებით შეღავათებს უწესებენ.
ეს განაცხადი, რომ 250 მლნ ლარი უნდა შემოვიდეს ჯარიმებიდან, ნიშნავს მარტივ რამეს, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად ყველაფრის ფასად დააორგანიზებს ამ თანხის ამოღებას საკუთარი მოქალაქეებისგან, - "ლელო - ძლიერი საქართელოს" წევრი ამბობს თამაზ დათუნაშვილი