დიმიტრი სამხარაძე თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ დასმულ კითხვებს არ პასუხობს
დგას თუ არა თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან "ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კომენტარი, სადაც სამხარაძე სამოქალაქო აქტივისტის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.
"რატომ უნდა გელაპარაკოთ თქვენ?" - უთხრა დღეს დიმიტრი სამხარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ.
მედიის წარმომადგენლებმა "ოცნების" წევრს ასევე ჰკითხეს - "აშინებს თუ არა მას თორნიკე რაზმაძის აქტიურობა და სწორედ ამას ხომ არ უკავშირდება აქტივისტის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია".
"მეშინია?" - უპასუხა ჟურნალისტებს სამხარაძემ.
24 საათზე მეტია საჯარო წყაროებში ბლოგერის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დისკრედიტაციის კამპანია მიდის, მაგრამ ფაქტს საგამოძიებო უწყება ჯერ არ გამოხმაურებია. არ გამოუკითხვათ არც დიმიტრი სამხარაძე.
რა ხდება?
თორნიკე რაზმაძის ცნობით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ. სამოქალაქო აქტივისტი მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ქმედებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.
- მითების დეტექტორმა გამოიკვლია და „ფეისბუქსა და „ტიკტოკზე“ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ვითომდა თორნიკე რაზმაძე ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს და კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.
თორნიკე რაზმაძე ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის უკან ხელისუფლება დგას. როგორც წამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, ამ ყველაფრის მიზანი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
რაზმაძის თქმით, მიმდინარე კანპანიის ფარგლებში, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას კომენტარებში "ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძეც კი გეგმავდა.