"ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში" - გაუჩინარებული ექსპერტის ოჯახი ყოფილ რძალს უპირისპირდება

21.12.21 13:30
"ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში" - გაუჩინარებული ექსპერტის ოჯახი ყოფილ რძალს უპირისპირდება

ახალი დეტალები გაუჩინარებული რამაზ გერლიანი საქმეში - ექსპერტის ოჯახი მის ყოფილ მეუღლეს უპირისპირდება. 

გერლიანები აცხადებენ, რომ ია ჯინჭველაძემ საგამოძიებო უწყებას ცრუ ჩვენება მისცა. ​მეტიც, მათი თქმით, ყოფილი რძალი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს,  გიორგი გოგნიაშვილსს ხელს აფარებს. 

რამაზ გერლიანის დამ დღეს მედიას უთხრა, რომ  მისი ყოფილი რძალი იცნობდა იმ პოლიციელს, რომელსაც ექსპერტი  ტერორში მხელდა: 

ამ დანაშაულში ხელს პირდაპირ იას ვადებ. ის რაღაცას მალავს, ცრუობს და ცრუ ჩვენებით ცდილობს გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს. შეკრულია პოლიციელთან, რომელიც ჩემ ძმის სახლში შეიჭრა და აყენებდა შეურაცხყოფას"- აცხადებს გერლიანის და. 

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომელსაც მისი თქმით, ია ჯინჭველაძე ავითარებს.

კიდევ თქვა, რომ თითქოს ჩემ ძმას ვალები გააჩნდა და ვალების გამო თვითმკვლელობას აპირებდა. ეს არის მცდარი ინფორმაცია"- აცხადებს ის. 

ცნობისთვის, ჯინჭველაძე პოლიციამ გუშინ დაკითხა. ამასთან, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა გერლიანის ოფისში, სადაც წერილი და მობილური ტელეფონი იპოვეს. ირკვევა, რომ მობილური სამუშაო მაგიდაზე იდო, მოწყობილობას კი მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი. 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა. 

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა. 

გაუჩინარებამდე  ეკონომისტი პოლიციელ   გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.