ფაქტია, რომ ლექსო ლაშქარავა არის საქართველოში მოკლული ჟურნალისტი - ელენე ხოშტარია
,,დროას" ლიდერი ,,ტვ პირველის" გარდაცვლილ ოპერატორზე დადებულ ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს. ელენე ხოშტარიას თქმით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას "ქართული ოცნება" თავისებურ ინტერპრეტაციას გაუკეთებს.
,,დროას" ლიდერს კითხვები აქვს, რატომ დაიდო ექსერტიზის დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ, როცა იუნესკომ ლექსო ლაშქარავა საქართველოში მოკლულ ჟურნალისტად აღიარა.
როგორც კი იუნესკოს დასკვნა დაიდო, ეგრევე აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ყველა ამდენი ხანი ელოდა, უცებ თურმე ყოფილა და მთავარია, დასკვნას თუ წავიკითხავთ, იქ წერია, რომ მოტეხილობებიც არის, დაზიანებებიც არის, მაგრამ ეს მიზეზი არ არის. ეს ყოფილა ზედოზირება. ჩვენ გვახსოვს, როგორ მოიტაცეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ლექსო. ამიტომ არავითარი ნდობა ასეთი დასკვნების არ არსებობს, პირიქით, ეს დასკვნაც კი მეტყველებს, რომ დაზიანებები იყო. რა თქმა უნდა, ,,ქართული ოცნება" რასაც უნდა, ისეთ ინტერპრეტაციას გაუკეთებს. ფაქტია, რომ ლექსო ლაშქარავა არის საქართველოში მოკლული ჟურნალისტი - აცხადებს ელენე ხოშტარია.
"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, სიკვდილიდან 6 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც UNESCO-მ "ტვ პირველის" ოპერატორი მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა.