"ქურდული" გარჩევა ოქროს მონეტების გამო - ხმაურიანი საქმის ფიგურანტები პატიმრობაში რჩებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გუშინ ლოტკინის უბანში პოლიციის მიერ დაკავებული ქურდული შეკრების შვიდივე ფიგურანტი პატიმრობაში დატოვა, 2 პირს კი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის თქმით, არსებობს საფუძველი, რომ ბრალდებულებმა თავისუფლებაზე ყოფნისას მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინონ, ან მიიმალონ. აქვე, გიორგი გელაშვილმა განმარტა, რომ ბრალდებულებს კავშირები აქვთ "კრიმინალურ ავტორიტეტებთან".
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
მოსამართლის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა მას, მიეღო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება. ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობდა. - განაცხადა ადვოკატმა.
დაცვის მხარე აპირებს, მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
ე.წ. ქურდული სხოდკა თბილისში, ლოტკინზე, ოქროსა და ძვირფასი ნივთების გამო მოეწყო - შსს-მ კრიმინალური ბანდის 7 წევრი დააკავა, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მინდია გორაძის ახლო გარემოცვის წევრები პოლიციამ თბილისში, აჭარასა და რუსთავში აიყვანა.
შეიარაღებული დაჯგუფების წევრები მაშინ დააკავეს, როდესაც დიდი ოდენობით ოქროს მონეტების და ძვირფასი ნაკეთობების გამო დაწყებულ კონფლიქტს "ქურდული კანონებით" აგვარებდნენ.