იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კლინიკა ,,კანვენის" დირექტორი დაჭრა
,,პირველებმა" ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კლინიკა ,,კანვენში" მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში ბრალდებული პირის ვინაობა გაარკვია.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, კანისა და ვენეროლოგიური კლინიკის დირექტორს, გიორგი გალდავას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ამავე კლინიკის დერმატოლოგ-ვენეროლოგმა, 71 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ, მიაყენა.
ტვ პირველმა გაარკვია, რომ სისხლიანი დაპირისპირება ბეჟანიძის კაბინეტში მოხდა. თუმცა, რამ გამოიწვია მკვლელობის მცდელობა, ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
სროლის ხმა რომ გავიგეთ, სასწრაფოში დავრეკეთ. შემდეგ ,,ემერჯენსში" გადავიყვანეთ. დირექტორი მხარშია დაჭრილი. კარგი ადამიანია, გადაყოლილია ყველა თანამშრომელზე. მიზეზი მართლა არ ვიცი, ვინც დაჭრა, ის ჩვენი თანამშრომელია.
ეს ამბავი დაახლოებით შუადღეზე, 2-3 საათზე მოხდა - ამბობს ,,ტვ პირველთან" კლინიკის ექიმი, მარინა ჯაში.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ამ დროისთვის მიმალვაშია და მას სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
კლინიკის დირექტორი მხარშია დაჭრილი და მას სასწრაფო ოპერაცია უკეთდება