"ბილწი სიტყვებით მესაუბრებოდა" - მოპოვებულია ქალის ჩვენება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს
"გვიყვიროდა, გვეუბნებოდა, რომ ქათმებივით ვკაკანებდით" - "ტვ პირველმა" იმ ქალის ჩვენება მოიპოვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
მსხვერპლი ჰყვება, რომ სამხედრო ბაზაზე დადგენილი ალკოჰოლის აკრძალვის მიუხედავად, მაღალჩინოსანი სამხედრო ბაზაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მოდიოდა და ქალებს ემუქრებოდა.
იგი სამხედრო ბაზაზე დადგენილი ალკოჰოლის აკრძალვის მიუხედავად ძალიან ბევრს სვამდა და ნებისმიერი პატარა მიზეზი საკმარისი იყო გოგოების ოთახში შემოსავარდნად, სადაც გვიყვიროდა, გვეუბნებოდა რომ ვკაკანებთ და ქალები ქათმები არიან, ქალები და ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან და ასე შემდეგ…
არაერთი ასეთი ფაქტის მიუხედავად მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერის გაკეთება მოვახერხე, სადაც ბილწი სიტყვებით გვესაუბრება, ვინაიდან ამ სიტუაციის გაძლება გაუსაძლისი გახდა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ალკოჰოლი არ განსაზღვრავდა მის ასეთ ქმედებებს, ფხიზლად ყოფნის შემთხვევაშიც ქალების თანდასწრებით მუდმივად სექსუალური შინაარსის ისტორიებს ყვებოდა, ნებისმიერ სამსახურებრივ საკითხზე აუცილებლად ბილწი სიტყვებით მესაუბრებოდა/გვესაუბრებოდა...
ბოლო კვირას ბაზაზე ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში გვიყვირა გოგოებს, რაზეც ვუთხარი, მხოლოდ იმიტომ ვიღიმი, რომ შეურაცყოფილად არ მოვიქცე და ეს ესე არ დარჩება-მეთქი. ამ ნათქვამის შემდეგ ერთ-ერთი ქალი გაიყვანა ცალკე და უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა ,სადმე რამეს თუ ვიტყოდით, ყველა მეთაური, მათ შორის ის უფროსები, რომელსაც ჩვენ ვექვემდებარებით, მისი ძმაკაცები არიან და ისევ ჩვენ შეგვექმნებოდა პრობლემები - აცხადებს ქალი ჩვენებაში.