გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელ ერიკ წურწუმიას საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს. ერთ-ერთმა მოწმემ, გარადაცვლილ ზურა გველესიანის საცოლემ, დღეს პროცესზე განაცხადა, რომ მსხვერპლი და ბრალდებული სამართალდამცველი ერთმანეთს წარსულში იცნობდნენ, მათ შორის კონფლიქტი არსებობდა, ხოლო მკვლელობა არა შემთხვევით გასროლით, არამედ მიზანმიმართულად მოხდა.
ერიკ წურწუმია და ზუკა იცნობდნენ ერთმანეთს იცნობდნენ. სწორედ წურწუმიას მეშვეობით დააკავეს ზუკა ისეთ ქმედებაზე, რაც მას არ ჩაუდენია. დადგა გამამართლებელი განაჩენი. ამის გამო ზუკაზე ნაწყენი იყო და უთხრა კიდეც მას ერიკ წურწუმიამ, რომ ყოველთვის ასე მშრალად ვერ გამოხვალო.
ჩვენ გვგონია, რომ მოვლენებიდან გამომდინარე, გასროლა მოხდა სპეციალურად. - აცხადებს გარდაცვლილის საცოლე.
წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს,პოლიციელის ტყვიამ ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცი, რომლის დაკავებასაც პოლიციელი ცდილობდა, იმ ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალების ასაღებად მივიდა.
პოლიციელ ერიკ წურწუმიას ბრალი 116-ე და 333-ე მუხლებით წაუყენეს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8-წლამდე პატიმრობით ისჯება.