გამკაცრდეს პოლიტიკა სქესობრივი დანაშაულებებზე - 25 ნოემბერს საპროტესტო მარში გაიმართება
გამკაცრდეს პოლიტიკა სქესობრივი დანაშაულებებზე და ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში - ამ მოთხოვნით 25 ნოემბერს საპროტესტო მარში გაიმართება.
ქალთა მოძრაობის, ღამის კლუბებისა და მუსიკალური ფესტივალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისაგან ყველგან – სახლშიც, დენსფლორზეც, ქუჩაშიც და ნებისმიერ საჯარო თუ პრივატულ სივრცეშიც.
ჩვენი მიზანია, რომ გარდავქმნათ ის მანკიერი აღქმები და პრაქტიკები, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს კულტურაში არსებობს ქალების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით და გარდავქმნათ ის, რეალურად დაკანონებული გაუპატიურების პრაქტიკა, რაც არსებობს ჩვენთან. ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს, სახეზე არის თუ არა გამოხატული ქალის ნება და თანხმობა, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საერთაშორისო კონვენციას, მათ შორის სტამბულის კონვენციას, რომელიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს. ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიხატება კანონის ცვლილებით. ჩვენ მოვითხოვთ კანონის ცვლილებას. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს მტკიცება, რომ არის ნაცემი იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის არის გაუპატიურებული“, - ამბობს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი.
მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს არსებული კანონით შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებებისგან დაცვა .