თურქეთში გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გადმოასვენებენ

17.11.22 18:35
თურქეთში გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გადმოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის, ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - ნათქვამია განცხადებაში. 

15 წლის მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახს უთხრეს, რომ ვიდრე დავალიანებას, 44 000 ამერიკულ დოლარს, არ დაფარავენ, კლინიკა მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ მისცემდა.

გარადაცვლილის ოჯახმა დღეს განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარება სთხოვა.