ბავშვების გატაცების მორიგი მცდელობა - სოფელ სკრის სკოლის მოსწავლეები შოკისმომგვრელ ამბებს ყვებიან
სოფელ სკრის სკოლის მოსწავლეები შოკისმომგვრელ ამბებს ყვებიან - მეორე კლასელი ბავშვები ამბობენ, რომ სკოლასთან 2 უცხო კაცი მივიდა და ბავშვების წაყვანას მანქანით ცდილობდნენ. სკოლის მოსწავლეებს ახსოვთ, მანქანის ფერი და სავარაუდო ნომერიც. ირკვევა, რომ გატაცების მცდელობით შეშინებული ბავშვები ადგილიდან გაიქცნენ.
გორსა და სოფელ სკრაში სრული პანიკაა. მშობლები ბავშვებს სკოლაში მარტო ვეღარ უშვებენ. ისინი სკოლის დირექციამ გააფრთხილა, რომ ბავშვები უყურადღებოდ არ დატოვონ.
არასრულწლოვანზე ადევნებისა და სავარაუდო გატაცების შემთხვევები დაფიქსირდა გორის 12-ე და სკრის საჯარო სკოლებში. ხელწერა ორივეგან იდენტურია.
გორის სკოლებთან ახლა პოლიციაა მობილიზებული. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ქალაქში არსებული პანიკის მიუხედავად კი, გორის მეთორმეტე და სკრის სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ ბავშვების გატაცების მცდელობაზე არაფერი იციან. ერთ-ერთი დირექტორი „პირველებს“ ეუბნება, რომ შესაძლოა ეს ამბავი მეორე კლასელი მოსწავლის ფანტაზიის შედეგიც იყოს.
გორში არასრულწლოვანზე ადევნების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკვლევა უკვე დაწყებულია. ბოლო რამდენიმე კვირაში, თბილისის რამდენიმე უბანში და საქართველოს არაერთ რეგიონში დაფიქსირდა სკოლის მოსწავლეებთან უცხო მამაკაცების მისვლის შესაძლო ფაქტები, თუმცა ამ დრომდე პოლიციას არცერთი მათგანი არ გამოუვლენია.
ვრცლად იხილეთ გიორგი ხუხიას სიუჟეტი