"მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე" - შსს-ს პირველი კომენტარი ზუგდიდში, 15 წლის ბიჭის მკვლელობაზე

21.11.22 11:23
"მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე" - შსს-ს პირველი კომენტარი ზუგდიდში, 15 წლის ბიჭის მკვლელობაზე

საბედისწერო საფეხბურთო ღამე ზუგდიდში!  - შინაგან საქმეთა სამინისტრო, 15 წლის საბა მამფორიას მკვლელობის ბრალდებით, 17 წლის ბიჭის დაკავების ფაქტს ოფიციალურად ადასტურებს. 

უწყების ცნობით,  დაკავებულს არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავებიან. 

გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ოფციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.