"ოცნება" საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში - ივანიშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმშია
„ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია. კობახიძის გუნდი ირწმუნება, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზიდან ქართველი დიპლომატი მხოლოდ იმიტომ გავიდა და ირანის საწინააღმდეგოდ კენჭისყრაში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ საქართველოს რეგიონულ უსაფრთხოებაზე ფიქრობდა.
„ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას ირანთან დაკავშირებით ათწლეულებია აქვს. შესაბამისად, სარჯველაძე ამბობს, რომ ამ თემაზე სპეკულირება მიუღებელია.
როდესაც წარმომადგენელი სხდომას არ ესწრება და მხარს არ უჭერს ეს სხვადასხვა რამეა და მნიშვნელოვანია ეს ერთმანეთისგან განვასხვაოთ. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს აქვს ასეთი მკაფიო პოზიცია, რაც განპირობებულია მემგონი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გასაგები ჩვენი ეროვნული ინტერესებით. გასაგებია მემგონი მასთან დაკავშირებით ყველაფერი და არავითარი სპეკულაცია აქ გამართლებული არ არის“. - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ ირანში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და კიდევ ერთხელ არ დადგა ცივილიზებული სამყაროს მხარეს.
რამდენიმე დღის წინ გაეროში დამტკიცდა რეზოლუცია, სადაც გაკეთდა ჩანაწერი, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს ბოლო ორი თვის განმავლობაში ირანში 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 60-მდე ბავშვია. კენჭისყრის დროს კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა დარბაზი დატოვა და მასში მონაწილეობა არ მიიღო.