ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა: ელექტრონული სიგარეტების როლი მოწევის შეწყვეტის პროცესში

21.11.22 16:27
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა: ელექტრონული სიგარეტების როლი მოწევის შეწყვეტის პროცესში

ჯანდაცვის ინსტიტუტები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურდ ცდილობენ იპოვონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის შემცირებასა და თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციას. ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატივები  წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ელექტრონული სიგარეტების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. 

ოქსფორდის უნივერსიტეტი კოჰრეინის სამეცნიერო მიმოხილვას აქვეყნებს,  (The Cochrane Library) რომელიც ადასტურებს, რომ მოწევისთვის თავის დანებების პროცესში ელექტრონული სიგარეტები ნიკოტინის ჩამნაცვლებელ თერაპიასთან შედარებით (ნიკოტინის პლასტერები და საღეჭი რეზინები) უფრო მეტად ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და ის ეხმარება მწეველებს, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თავი დაანებონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას. აღნიშნული კვლევა დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ორგანიზაციის (Cancer Research UK) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები 78  სამეცნიერო კვლევის ანალიზს ეფუძნება, ხოლო კვლევებში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ჯამურად 22 000-ს უტოლდება. 
როგორც კვლევის ავტორები იუწყებიან, მართალია, ელექტრონული სიგარეტები ნიკოტინის შემცველ საღეჭ რეზინებთან და პლასტერებთან შედარებით უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების პროცესში, თუმცა, განსხვავება არსებობს თავად ელექტრონულ სიგარეტებს შორისაც კი - კვლევის მიხედვით, ის მწეველები, რომლებიც მოიხმარენ ნიკოტინის შემცველ ელექტრონულ სიგარეტებს, უფრო მარტივად ანებებენ თავს ტრადიციული სიგარეტის მოწევას.

უფრო მეტიც, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თუ 100-დან 6 მწეველი მოწევას თავს ანებებს ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპიის დახმარებით, 12-დან 8 თავს ანებებს ელექტრონული სიგარეტების მეშვეობით. 
„მართალია, ელექტრონული სიგარეტები ბაზარზე უკვე ათი წელია რაც არსებობს, თუმცა, მოწყობილობების მიმართ უნდობლობა ჯერ კიდევ მაღალია. უფრო მეტიც, ხშირად პრესისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მის პოტენციალს არასწორად აფასებენ. შედეგად, მწეველები უარს ამბობენ, გამოიყენონ ელექტრონული სიგარეტები როგორც მოწევის ალტერნატივა. თუმცა, საბედნიეროდ, დღესდღეობით იზრდება იმ კვლევების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ ნათელი გახადონ ელექტრონული სიგარეტების შესაძლო სარგებელი და გამოიკვლიონ მის მოხმარებასთან დაკავშირებული შედეგები. 

დღეს ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტები, ნიკოტინის ჩამნაცვლებელ თერაპიასთან შედარებით, მეტად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების პროცესში“, - განაცხადა დოქტორ ჯეიმი ჰარტმენ-ბოისმა, პუბლიკაციის ავტორმა, ავტორმა, კოჰრეინის თამბაქოზე დამოკიდებულების ჯგუფის რედაქტორმა და ოქსფორდის ნუფილდის პირველადი ჯანდაცვის მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა. 

კვლევების თანახმად, არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ელექტრონული სიგარეტისა და ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპიის გვერდით მოვლენებს შორის. მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში (რომელიც დაახლოებით ორი წლის ვადით განისაზღვრება), ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტები იწვევდნენ პირის ღრუს გაღიზიანებას, თავის ტკივილს, ხველას და თავბრუსხვევას. თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები დროთა განმავლობაში მცირდებოდა. 

„ელექტრონული სიგარეტები არ წვავენ თამბაქოს, შესაბამისად, ისინი არ გამოყოფენ იმ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრონული სიგარეტები უსაფრთხოა. კვლევები აჩვენებს, რომ ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტებთან დაკავშირებული რისკის მხოლოდ მცირედ ნაწილის ატარებენ. ჩვენ მიერ მიმოხილულ კვლევებში ვერ ვიპოვეთ რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებული ზიანის შესახებ. თუმცა, კვლევების სიმწირის გამო, დღეს არ გვაქვს სრულყოფილი პასუხები გრძელვადიან პერიოდში ელექტრონული სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ“, - აღნიშნავს დოქტორი ნიკოლა ლინდსონი, Cochrane Tobacco Addiction Group-ის მმართველი რედაქტორი, ოქსფორდის ნუფილდის პირველადი ჯანდაცვის მეცნიერებათა დეპარტამენტის ლექტორი და პუბლიკაციის თანაავტორი.  
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ელექტრონული სიგარეტების ეფექტის სრულად შესაფასებლად საჭიროა გრძელვადიანი კვლევების ჩატარება. თუმცა, ახალი თაობის ელექტრონული სიგარეტები იძლევა შესაძლებლობას, რომ უფრო მეტმა მწეველმა დაანებოს თავი ტრადიციული სიგარეტის მოწევას და გადავიდეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე.