"ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითი" - საპატრიარქო თავს ისევ კრიტიკულ მედიას ესხმის
საქართველოს საპატრიარქო ხაშურში მომხდარ უმძიმეს ფაქტს 3 დღის შემდეგ ოფიციალური განცხადებით ეხმიანება. საპატრიარქო ანდრია ჯაღმაიძის რიტორიკას იმეორებს და კრიტიკულ მედიას ცინიზმსა და უხეში ფორმით საუბარში ადანაშაულებს.
ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.
სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონოზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც... რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
ამავე დროს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის.
ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 74 წლის მონაზონი სავარაუდოდ, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. საზარელი შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. პოლიციამ 27 და 39 წლის ახალგაზრდები უკვე დააკავა.