"საქმეს ბოლომდე გავყვებით" - „ტვ პირველი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„ტვ პირველი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დამოუკიდებელი ტელევიზია წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც დასაბუთებული ნაწილი უფლებადამცველებს ჩაბარდებათ.
ადვოკატი მარი კაპანაძე ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
უფლებადამცველის თქმით, „ტვ პირველი“ ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყვება და ევროსასამართლომდეც მივა.
„სასამართლოს არ ჰქონდა ამ საქმეში არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი და მან ფაქტობრივად უგულებელჰყო ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული პრაქტიკა, არ გაითვალისწინა გამოხატვის თავისუფლებასთაან დაკავშირებით ის რისკები, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ახლავს თან და ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რაც პირდაპირი მესიჯია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ისინი უნდა გაჩუმდნენ. მათ არ უნდა ისაუბრონ ხელისუფლებაზე, არ უნდა გააკრიტიკონ ისინი. ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გასაჩივრდება. ჩვენ გავყვებით ამ საქმეს ბოლომდე და დიდი ალბათობით, ევროსასამართლოშიც ვიხილავთ ამ საქმეს“. - ამბობს ადვოკატი.
დაკვეთა შესრულებულია - კახა კალაძემ სასამართლოს ხელით თავისუფალ მედიას ომი გამოუცხადა.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს, კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა.
კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა.
თბილისის მერი "ტვ პირველის" წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.
საქმე ტენდერებს და სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება.