სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში შეუძლებელია - ჯიშკარიანი
ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საზოგადოებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა გააცნო, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი და ის სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ჯიშკარიანმა ასევე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტს აღენიშნება პოსტტრამვული აშლილობა, რაც უკავშირდება საქართველოს ციხეთა სისტემაში გადატანილ არასათანადო მოპყრობას, რაც, "ემპათიის" ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვნად ამძიმებს ნეიროფსიქიკურ და ზოგად მდგომარეობას.
"ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტირებული პოსტტრამვული აშლილობა, რაც უკავშირდება საქართველოს ციხეთა სისტემაში გადატანილ არასათანადო მოპყრობას. სიცოცხლის მოსპობის შიშს, რაც მნიშვნელოვნად ამძიმებს ნეიროფსიქიკურ და ზოგად მდგომარეობას და შეუძლებელს ხდის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევასაც კი. ნებისმიერი სტრესფაქტორი, მათ შორის მხოლოდ პატიმრობაც კი იწვევს აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას. ამგვარი ფსიქოლოგიური სტატუსითა და ნევროლოგიური მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დაუშვებელია და შეუთავსებელია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებთან", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.