საქართველოში ქურდები სად არიან, ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭები არიან - ადვოკატი

01.12.22 15:21
საქართველოში ქურდები სად არიან, ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭები არიან - ადვოკატი

"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებული ქალი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ბრალდებული უფლებადამცველმა რამდენიმე წუთის წინ მოინახულა. 

ადვოკატის მტკიცებით, 55 წლის ქალის მხრიდან საქმე არა ქურდული სამყაროსთვის მიმართვას, არამედ მეგობრულ დახმარებასთან გვაქვს.  

თუმცა, თავად დაკავებული ბრალს აღიარებს. 

"ის აღიარებს ბრალს, თუმცა, მისი უმეცრებით და უცოდინრობით მოხდა ეს. ჰქონდა ვალი, ახლობლის თხოვნით 5 წლის წინ ბინა ჩადო. ეს ხუთი წელი თვითონ იხდიდა ამ ვალს. ბოლოს რომ გაუჭირდა, მოსთხოვა ვალის დაბრუნება. იმან უარი რომ უთხრა, მერე სთხოვა თავის ახლობლებს, რომლებმაც მოსთხოვეს იმას თანხის გადახდა.

მუქარას ადგილი არ ჰქონია. სადაური ქურდები არიან, კარგით რა! არ არიან ქურდები! საქართველოში ქურდები სად არიან? ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭები არიან. მაიას ეგონა, ეტყობა, რომ ქურდები იყვნენ, მე გეუბნებით, რომ არ არიან".- ამბობს დაკავებული ქალის ადვოკატი.

55 წლის მაია დობორჯგინიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ირკვევა, რომ დაკავებულმა ქალმა ფინანსური დავის გადასაჭრელად მიმართა ქურდულ სამყაროს, რომ 22 ათასი, რომელიც ვალად ჰქონდათ მისგან აღებული, დაებრუნებინათ.

შსს-მ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული ქალი ამბობს, რომ ქურდები ჩარია. ასევე ისმის მუქარა, რომ იარაღს იყიდის და მუხლებში დაამტვრევს პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა

მსგავსი სიახლეები