ოპოზიცია ვარკეთილის მეტროს რემონტის 13 მილიონიან პროექტში კორუფციის საშიშროებას ხედავს
ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერია ხელშეკრულებას დაჩქარებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აფორმებს. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აღნიშნულ ქმედებაში კორუფციის მაღალ რისკებს ხედავს.
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ კახა კალაძე ხელშეკრულებებს ისეთ პირებს უფორმებს, ვინც ,,ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირში იმყოფება.
არც მეტი, არც ნაკლები, კალაძემ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაწყვიტა, დადოს კონტრაქტი და ამისთვის მან საქართველოს მთავრობისგან მიიღო თანხმობა, რომ 13,7 მილიონი ლარი გადავიხადოთ ამჯერად ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაციაში.
ახლა, როცა ტენდერი არ ტარდება და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ფორმდება ხელშეკრულება, ეს არის ყოველთვის ეჭვის საფუძველი, რომ ვიღაცა აქ ფულს იპარავს.
თავის დროზე აბსოლუტურად სხვა თანხაზე იყო საუბარი, მილიონიც კი არ იხარჯებოდა, ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ 13,7 მილიონი უნდა დაიხარჯოს - ამბობს საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაშვილი.
თბილისის მერია მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის 13 მილიონს გადაიხდის. მეტროსადგურის რესტავრაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონები კომპანია ,,მამისონს" გადაურიცხეს, რომელმაც პირობები ვერ შეასრულა და ამის გამო შავ სიაში შეიყვანეს.
კომპანია ,,მამისონს" არც ვარკეთილის მეტროსადგური შეუკეთებია და არც გოცირიძის. ამჯერად დედაქალაქის მერია ახლა ხელშეკრულებას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით საჩქაროდ აფორმებს.