ყოველ წუთს მოსალოდნელია გარდაცვალება - ჯიშკარიანი სააკაშვილზე
„ემპათიის“ დირექტორს, მარიამ ჯიშკარიანს, პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ადეკვატური მოქმედების იმედი არ აქვს.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ სიტუაცია საგანგაშოა, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მისი თქმით, ყოველ წუთს მოსალოდნელია გარდაცვალება.
„პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო დიდი ხანია გავიდა კანონმდებლობის ჩარჩოებიდან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ სისტემაში ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ამჟამადაც მიმდინარეობს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების სახით ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ამ ინსტიტუციის მხრიდან, ახლა რაიმე ადეკვატური მოქმედების იმედი არ მაქვს.
დღითიდღე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ყოველ წუთას მოსალოდნელია გარდაცვალება. სწრაფად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. შავით თეთრზე წერია დიაგნოზი დასკვნაში, რომელიც არის გათავისუფლების სტანდარტში“. - ამბობს ჯიშკარიანი.
პენიტენციურმა სამსახურმა კი სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ სააკაშვილის საქმე გადაუგზავნა. ახლა ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება, რომლმაც სააკაშვილის ბედი უნდა გადაწყვიტოს.