საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია - "ტვ პირველის" რეპორტიორი გიორგი ხუხია კაციტაძის უწყებაშია
საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია - "ტვ პირველის" რეპორტიორი გიორგი ხუხია საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. დასჯის თუ არა კაციტაძის უწყება რუსეთის მოქალაქეს, რომლიც "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერის ჩაშლას ცდილობდა, ცოტა ხანში გაირკვევა.
ჩვენი ჟურნალიტი გიორგი ხუხია, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მოლაქეების თავდასხმის სამიზნე პეკინის ქუჩაზე საეჭვო საქმიანობაში ჩართულ რუსულ ოფისში გახდა, ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს და ის დეტალურად მოყვება, თუ რა მოხდა და როგორ შეუშალეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში.
"მიზანმიმართულად ჰქონდა ადგილი ეთერის ჩაშლის მცდელობას, სანთებელით მეჭრებოდა კადრში, მიშლიდა ხელს. ასევე ადგილი ჰქონდა, რომ ფიზიკურად გავეძევებინეთ ოფისიდან. 3 დღეა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას, გაარკვიონ, რა ხდება ამ ოფისში. თავიდან ზარებს პასუხობდნენ, ბოლო ორი დღეა საერთოდ უკონტაქტო გახდა ეს უწყება", - ამბობს გიორგი ხუხია.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო გვერდის ავლა.