ჩაკეტა ბინაში და ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას - პროკურატურამ წამების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

13.05.21 15:10
ჩაკეტა ბინაში და ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას -  პროკურატურამ წამების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე დ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა,  დ.ა.  ოჯახის წევრ მ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 19 მარტს, ქ.თბილისში, დ.ა.-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ.ა. ჩაკეტა ბინაში და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. 
 მ.ა.-ს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად ჩამოუყალიბდა ძალადობის განმეორების საფუძვლიანი შიში, იმყოფებოდა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, რის გამოც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შეექმნა სოციალური ქსელის პროფილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის რეალური საჭიროება. 

საქართველოს პროკურატურამ დ.ა-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 11 პრიმა-151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი რეაგირება - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.