წილების დათმობა იძულებით - "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვენ

14.05.21 15:14
წილების დათმობა იძულებით - "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვენ

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ  და დავით დვალიშვილმა, ტელეკომპანიის გასხვისების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მოითხოვეს, თუმცა საქალაქო სასამართლომ მოწმის დაკითხვის შუამგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმის ადვოკატის, კახა კოჟორიძის,  თქმით, ბიძინა ივანიშვილი ფლობს ინფორმაციას, რომ წინა ხელისუფლების დროს წილები არხის მესაკუთრეებს იძულებით დაათმობინეს. 

მოწმეების ნაწილი იყო პირდაპირი მომსწრე იმ იძულების და ზეწოლის,  რაც ხდებოდა 2004 წელს მოსარჩელეებზე. მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვა. 2012 წლის ინტერვიუ არის ირმა ინაშვილისთვის მიცემული, სადაც ბატონი ბიძინა განმარტავს, რომ ქიბარ ხალვაში იყო ამ საქმეში ფორმალურად და რეალური მესაკუთრე იყო სააკაშვილი. მან იცის დეტალები ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგებოდა დრო, რომ ამის შესახებ ისაუბრებდა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინფორმაცია პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ინფორმირებულია იმ მნიშვნელოვანი გარემოებების გარშემო, რაც ამ საქმეში არსებობს და სწორედ ახლა დადგა ის დრო, რომ ამ ფაქტებზე ისაუბროს საჯაროდაც და მათ შორის, სასამართლოს დარბაზში", - თქვა კოჟორიძემ.