რუსული რუბლები საქალაქო სასამართლოში - მხარდაჭერა ლაზარე გრიგორიადისს
რუსული რუბლები საქალაქო სასამართლოში - მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ახალგაზრდის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებმა რუსული რუბლი პირველ ინსტანციაში პროტესტის ნიშნად დაყარეს. ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები სასამართლო სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ. მათ პროცესის დასრულების შემდეგ ეზოში რუსული რუბლები იმის სადემონსტრაციოდ დატოვეს, რომ ქართული სასამართლო სწორედ პუტინის რეჟიმის დაკვეთას ასრულებს.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დღეს ორი მოწმე გამოიკითხა - დაცვის მხარის მტკიცებით, ვერც პოლიციელმა და ვერც ექსპერტმა ლაზარეს საწინააღმდეგო ჩვენება ვერ მისცეს. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული აქტივისტი დღეს განცხადების გაკეთებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა.
დღეს საღამოს კი, 19:30 საათზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს 21 წლის ახალგაზრდის მამა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოებას გააცნობს გეგმას, როგორ აპირებს შვილის უკანონო პატიმრობიდან დახსნას.