"შესაძლოა, თვალებიც ამოვიკეროთ" - მაღაროელები პროტესტის უმძიმეს ფორმას აანონსებენ
ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის მონაწილე, რომელმაც პირი ამოიკერა ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული, შესაძლოა, თვალებიც ამოიკერონ..
"10 დღის განმავლობაში ვისაუბრე სიმართლე, ჩემი სიმართლე არსაიდან არ იქნა გათვალისწინებული, ვერ გავაგებინე ვერავის ჩემი სიმართლე და ის სამართლიანი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პროტესტზე, ეს ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე, ამ შემთხვევაში ჩემი პირი ამოკერილი იქნება თუ არ იქნება ამოკერილი ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ვერ დავამტკიცე და ვერ ვთქვი სიმართლე ისე, რომ მისულიყო იქ, სადაც უნდა მისულიყო და თუ ჩვენ ვერ დავინახეთ სამართალი, ამიტომ, შესაძლებელია თვალებიც ამოვიკეროთ", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში „ჯორჯიან მანქანეზის“ მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეათე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.