მუქარა პოლიციელის მხრიდან? - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძეს გამოკითხვაზე იბარებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძეს გამოკითხვაზე იბარებს. დაბარების მოტივი კი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით 2023 წლის 18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო.
კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე, დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს - ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა.
2023 წლის 18 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ დროს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება შეეთავაზა, რაზეც, მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ფაქტის შესწავლას აგრძელებს, რა დროსაც კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება," - წერია განცხადებაში.
სტუდენტი ლუკა შველიძე ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ში სცემეს - ის ჯერ კიბიდან დააგორეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი სტუდენტი ამტკიცებს, რომ მასთან პალატაში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული იარაღიანი პირი შევიდა. ლუკა შველიძე ამტკიცებს, რომ მისი პირადი ინფორმაციის მოპოვება მერიის თანამშორმელს სურდა. თსუ-ს სტუდენტი, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებმა სასტიკად სცემეს, იხსენებს, რომ უცნობი მამაკაცი მას პოლიციელად გაეცნო და ასევე ამბობს, რომ პირი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომაროებაში იმყოფებოდა.