სასტიკი ანგარიშსწორება მეზობლებზე - ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

20.06.23 20:14
სასტიკი ანგარიშსწორება მეზობლებზე - ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასტიკი ანგარიშსწორება ვარკეთილში - ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. 

საქართველოს პროკურატურამ ვარკეთილში მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.    
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - წერია განცხადებაში.

30-ზე მეტი ჭრილობა მამას და 4 ჭრილობა შვილს - მამა-შვილი მიქელაძეები მეზობლის სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. შემზარავი ამბის შესახებ ახალგაზრდა ქალი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს უმძიმეს ფოტო და ვიდეომასალას სახლიდან, რომელიც სისხლით არის სავსე.