13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტი - დაკავებულია 3 პირი

27.06.23 10:20
13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტი - დაკავებულია 3 პირი

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტი - დაკავებულია 3 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი უცხოეთის მოქალაქეა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსის სახელით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი თითქოსდა აძლევდა ერთ-ერთ ბრალდებულს უფლებამოსილებას მისი წარმომადგენლობის თაობაზე.

აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ბრალდებულებმა იუსტიციის სახლში წარდგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრზე გადაფორმება და დირექტორის ცვლილება, რაც ვერ განახორციელეს საგამოძიებო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მოქმედებების შედეგად", - წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.