სარჩელი ღარიბაშვილის და კობახიძის წინააღმდეგ - "ოცნების" ლიდერებს სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისი უჩივის

27.06.23 13:44
სარჩელი ღარიბაშვილის და კობახიძის წინააღმდეგ - "ოცნების" ლიდერებს სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისი უჩივის

სარჩელი პრემიერის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" ლიდერებს სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისი უჩივის. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული აქტივისტი მთავრობის მეთაურს და ოცნების თავმჯდომარეს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და დისკრიმინაციაში ამხელს და მათგან მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლურად 15 ლარის ოდენობით ითხოვს. 

"მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა.

კიდევ მექნება "იმედთან" სასამართლო სხდომა. ისეთი მონტაჟი გააკეთეს… დაამონტაჟეს ცუდად.. არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.

თმებთან დაკავშირებითაც მექნება კიდევ [სასამართლო პროცესი]. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ [განცხადებას], რა დარღვევები ხდება იქ", – განაცხადა გრიგორიადისმა. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის განცხადებით, თუ ვინ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, ამაზე სხვადასხვა მტკიცებულებების გამოკვლევით ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე დაადასტურებს

"როგორც ექსპერტმა განმარტა, ვიდეოჩანაწერების ნახვის შედეგად, ცეცხლის მასა ეცემა ასფალტზე, რის შედეგადაც უკვე პოლიციელის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და შარვალზე ჩნდება ხანძრისა კერა. ვინ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, ამაზე სხვადასხვა მტკიცებულებების გამოკვლევით ბრალდების მხარე დაადასტურებს სასამართლო პროცესზე". - აცხადებს პროკურორი

საქალაქო სასამართლოში გრიგორიადისის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ივლისს ჩანიშნა.