აქცია რიკოთთან - ძლიერი აფეთქებების გამო სოფელ ფუთის მოსახლეობა შველას ითხოვს
რიკოთზე სახლები ინგრევა - მოსახლეობა შველას ითხოვს. დილიდან სოფელ ფუთის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. ისინი ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ, მიზეზი კი ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაცია და იქ მიმდინარე აფეთქებებია.
ადგილზე მომუშავე ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი პირდაპირ სოფლის ქვეშ გაჰყავს, ამის გამო ადგილობრივების თქმით, ბიძგები იმდენად მასშტაბურია, რომ სახლებს კედლები დაებზარა ჭერიდან კი ბათქაში ცვივა.
ადგილობრივების თქმით, ცხოვრება უკვე შეუძლებელია ძლიერი ბიძგების გამო. ისინი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
ჩვენ ვცხოვრობთ ორი გიგანტური გვირაბის თავზე, სადაც უკვე კატასტროფულია ცხოვრება. ყოველდღიურად მიმდინარეობს ძლიერი აფეთქებები, ამ აფეთქებების დროს ჩვენ ვართ სახლებში, ბიძგი არის ძალიან ძლიერი და ვერაფერს ვერ ვხდებით დღევანდელ პირობებში, ვერაფერს ვაკეთებთ, დახმარებას არვინ არ გვიწევს სულ უმოქმედობაშია მთავრობა და ვცდილობთ გავუპროტესტოთ ეს უმოქმედობა", - ამბობს ადგილობრივი.
რამდენიმე დღის უკან ჩემს საკუთარ სახლში, კერძო შენობაში ჩამოინგრა, ჩამოვარდა ჭერიდან ბათქაში და დღეს ჩემი შვილები საძინებლებში ვერ შემყავს და ვერ ვაჩერებ ბავშვებს იმის შიშით, რომ თავზე რაღაც დაგვეცემა დედაო. ექვსი თვის წიონ გაგზავნილი წერილი ჩანთაში მაქვს, რომელიც მუნიციპალიტეტში გავაგზავნე და დღემდე უპასუხოა. გვაქვს იმის განცდა, რომ სახელმწიფო ჩინური სახელმწიფოსგან ვერ გვიცავს ჩვენ და ჩვენ ვზარალდებით, მაგრამ რატომღაც ან შეგნებულად ხუჭავს სახელმწიფო თვალს ანდა ვერ გვიცავს და ვითხოვთ დახმარებას", - ამბობს პროტესტის მონაწილე.
სოფელ ფუთის მოსახლეობას განგაში აქვს გამოცხადებული, თუმცა მათ არავინ უსმენს. სოფელს ჩინური კომპანია აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე უგზავნის შეტყობინებას. ყოველი ახალი აფეთქება კი მათ სახლებში ახალ ბზარებს და, შესაბამისად, ახალ საფრთეს ნიშნავს.
ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხა. ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ მონიტორინგი ჩატარებულია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მშენებლობამ და აფეთქებებმა დააზიანა სახლები. თუკი დადასტურდება, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში დაზიანდა მათი სახლები, შესაძლოა, ადგილობრივებმა კომპენსაცია მიიღონ.