ენმ-ს დეპუტატის ცემა - რატომ აფარებს "კრიმინალებს" ხელს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მაღალჩინოსანი

10.10.23 17:20
ენმ-ს დეპუტატის ცემა - რატომ აფარებს "კრიმინალებს" ხელს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მაღალჩინოსანი

რატომ აფარებს ხელს "კრიმინალებს" გლდანი-ნაძალადევის პოლიცია და რატომ ჭიანურდება ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის ფაქტის გამოძიება? "კრიმინალების" მფარველობაში მირიან ქავთარაძეა ბრალდებული, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელმაც საქმის ფიგურანტი "პუშკინა" გამოკითხვაზეც კი არ დაიბარა.

თუმცა ქავთარაძის ეს გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის გასაკვირი არ არის, ამბობენ რომ  პოლიციაში სამმართველოს უფროსს  კრიმინალების მეგობრად და მფარველად იცნობენ.

საქმის ჩაფარცხვაში მხილებული პოლიციელი დღეს "პირველების" კამერას დაემალა. მირიან ქავთარაძის ავტომობილი პოლიციის შენობასთან იყო გაჩერებული, თუმცა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა გაიგეს, რომ კონკრეტული კითხვებო გვქონდა მაღალჩინოსანთან, ის არ გამოვიდა განყოფილებიდან და "პირველების" კითხვებს პასუხი არ გასცა.

"პუშკინა", იგივე გიორგი მჭედლიშვილი იმ ავტომობილს მართავდა, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეზე დაჯახებას ცდილობდა და რომელიც რამდენიმეწამიანი უწყვეტ კადრში ჩანს.

მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე  საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ  არც  "ოცნების" წევრი საკრებულოს დეპუტატების დაბარება მიიჩნია, მათ შორის უწყებაში არ მისულა კოტე ზარნაძე, გლდანის მაჟორიტარი, რომელსაც ოპოზიცია თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

მირიან ქავთარაძე კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფი პოლიციის მაღალჩინოსანია. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ფოტო, რომელიც ზაფხულში რაჭაშია გადაღებული, სურათზე ქავთარაძესთან ერთად, ნახალოვკელი ე.წ. ავტორიტეტი, "კაწროა" გამოსახული. 

"კაწრო" თავის მხრივ  ნოდარ "გლდანსკის" ახლო მეგობარია. ფაქტს "პირველებისთვის" მოწოდებული ფოტოებიც ადასტურებს -  ნოდარ შუკაკიძის ცოლი "კაწროსთან" და მის მეუღლესთან ერთად ევროპულ არდადეგებზე იმყოფება.

ნოდო "გლდანსკი" "კაწროსთან", "კაწრო" პოლიციის უფროს მირიან ქავთარაძესთან, ორივე ერთად კი ბერასთან ძმაკაცობს. 

მირიან ქავთარაძე  სისტემაში ერთ ერთი გავლენიანი პოლიციელია,  ოღონდ არა მხოლოდ "შავებთან" მეგობრობის გამო. ზუსტად ორი წლის წინ, მან კონსპირაციულ ბინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავა, მაშინ რიგით პოლიციელს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მეტოქის აყვანა დაუფასეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს.