განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლომ გაიზიარა მათი არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
პროკურორის თქმით, დაპირისპირების შემსწრე პოლიციელებმა დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელსაც. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ნოდარ ვაშაკიძე სასამართლოს წინაშე ამტკიცებდა, რომ თავს იცავდა და პოლიციელი განზრახ არ დაუჭრია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნოდარ ვაშაკიძეს, მეტსახელად "თიყვას " 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბიც ბიზნესის და ფულის გამო მოხდა. სისხლიანი გარჩევა ზაარბრიუკენის მოედანზე გუშინ შვიდი საათისთვის მოხდა. ჩხუბი მამაკაცებს შორის რესტორანში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამმა ნოდარ ვაშაკიძემ ჯერ თემურ ანჯაფარიძე დაჭრა, შემდეგ კი გამოძახებაზე მისული პოლიციელი.