ეს არის ცუდი პრეცედენტი - გია ბუღაძე რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებაზე
მხატვარი გია ბუღაძე რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებას უარყოფითად აფასებს. ბუღაძის თქმით, მსგავსი შემთხვევები მიანიშნებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოში საკუთარ გავლენებს ატარებს.
რასაც ეხლა დღეს თეატრი აკეთებს, ეს არის ძალიან ცუდი რამ და ცუდი პრეცედენტი, არ მინდა, ხმამაღალი განაცხადი გავაკეთო, მაგრამ თითქმის რუსული ძალის გავლენის აგენტურის პრინციპებს შეიცავს. რომ მიდიხარ და მე მოგიტაცებ კიდევაც, მოგკლავ კიდევაც და ორგანოებსაც ამოგგლიჯავ და გადავყრი, როგორც მინდა და ყოველდღე ასეულობით მეტრს გადმოვწევ, თან შენთან ვიქეიფებ, ჩემთან ჩამოხვალ და გამართობ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი გამდის საქართველოში", - ამბობს ბუღაძე.
რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შესახებ 2 დღის წინ რუსული მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, ასევე, 1 და 2 ივლისს, გაიმართება.