სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა - ,,საია"იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

21.06.21 12:21
 სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა - ,,საია"იუსტიციის საბჭოს  მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2021 წლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე პრინციპულ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სისტემის მთავარი გამოწვევა კლანური მმართველობაა, რასაც ხელი მოსამართლეთა შერჩევის პროცესმაც შეუწყო:

 სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა. ამას, გარკვეულწილად, ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი რეგულაციაც, რომლის მეშვეობითაც მის შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან. პარლამენტში არამოსამართლე წევრთა არჩევის წესი ასევე ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი, კლანისა და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პირების არჩევას. 

მოსამართლეთა დანიშვნა პირველ და მეორე ინსტანციაში - „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილებისმისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა, საბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსები მუდმივად კრიტიკას იმსახურებს.

სასამართლოს თავმჯდომარეები - კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემას. ამ მექანიზმის მეშვეობით კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არსებითად უმცირებს.

დისციპლინური სამართალწარმოების ვადები კვლავ ჭიანურდება, საბჭოს 2020 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს, როცა დისციპლინური სამართალწარმოების მაქსიმალური ვადა 5 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

 ,,საია"-ს აზრით, ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უკვე შეარჩია და მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.