კლინიკა „ბომონდი" ქუთაისში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

21.06.21 12:21
კლინიკა „ბომონდი" ქუთაისში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში 21 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა  „ ბომონდი“ განცხადებას ავრცელებს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, ქალი  საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს. 

პირველ რიგში, გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს.

ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკა „ბომონდში“ შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. „კლინიკა ბომონდი“ თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას,“- აცხადებენ „კლინიკა ბომონდში“.