საგამოძიებო უწყებას პატიმრების ოჯახის წევრები ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებენ

04.01.24 14:59
საგამოძიებო უწყებას პატიმრების ოჯახის წევრები ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებენ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ვანო პატარაიას და სერგი ელიაშვილის ოჯახის  წევრები საგამოძიებო უწყებას მუქარაში ადანაშაულებენ. 

პატიმართა ახლობლები ამტკიცებენ, რომ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, ამიტომ დანაშაულის აღიარებას და  საპროცესო შეთანხმებაზე ხელმოწერას აძულებენ. 

დაკავებულთა ოჯახის წევრები ხელს ნათია ქართველიშვილს ადებენ. მათი მტკიცებით, პროკურორმა ისინი ძველი თბილისის პროკურატურაში დაიბარა და დაემუქრა, თუ პატიმრები საპროცესო შეთანხმებას არ მოაწერდნენ, ახალგაზრდებს 9 9 წლის ციხეში გატარება მოუწევდათ. 

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ბრალდების მხარე სასამართლო პროცესებს ხელოვნურად აჭიანურებს. 

4 დეკემბერს დაგვიბარა ნათია ქართველიშვილმა რომ შევხვედროდით. ჩვენ მას შევხვდით პროკურატურაში. ვინაიდან და რადგანაც მას სჩვევია ჩვენი დამცირება და შეურაცხყოფა, მარტო არ წავედით მე და ჩემი მეუღლე. წავიყვანეთ ჩვენი ადვოკატი და ისე შევხვდით.

მან შემოგვთავაზა 1 წელი ციხე და სამი წელი პირობითი, რომელიც მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ბავშვი იყო უდანაშაულო და მან ასე გვითხრა, რომ თქვენი შვილი მოიხდის 9 წელს, თუ არ დამთანხმდებით...

მან გვითხრა, რომ თქვენი ოჯახი ლოთების ოჯახი არის, რომ ჩემი სახლიდან სულ გადიოდა ჩხუბის ხმა",- აცხადებს "პირველებთან" სერგი ელიაშვილის დედა, ემა ელიაშვილი. 

 პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სერგეი ელიაშვილის ადვოკატი, ნონა ფილაური კი აღნიშნავს, რომ დაკავების ოქმი, რომელიც დაზარალებული პოლიციელების მიერ იყო შედგენილი ყალბია და სასამართლომაც დაუშვებლად მიიჩნია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად 2 ახალგაზრდა მაინც პატიმრობაში გაუშვეს: 

დაკავების ოქმი, რომელიც დაზარალებული პოლიციელების მიერ იყო შედგენილი, იყო ყალბი. ეს ცნო სასამართლომ როგორც დაუშვებელი მტკიცებულება. დაკავების ოქმი, ასეთი დანაშაულის დროს, როგორიც არის თავდასხმა პოლიციელზე, ეს არის შემადგენელი ნაწილი დანაშაულის. შესაბამისად, სასამართლო სამართლიანი რომ ყოფილიყო, სერგეი ელიაშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან"- აცხადებს ადვოკატი. 

პროკურორმა 4 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე დაგვემუქრა, რომ ის სხდომას გაწელავს. ის 14-ში ვერ ჩაატარებს სხდომას და ამას გაწელავს 9 თვით. ჩვენ ველოდებით, რომ პროკურორმა ახსნას თავისი საქციელი, რატომ აჭიანურებს სხდომას და რატომ არაფრად არ აგდებს დაცვის მხარეს და მითუმეტეს სასამართლოს - აღნიშნავს ვანო პატარაიას უფლებადამცველი, ვახტანგ კოჭატაშვილმა. 

"პირველები" ასევე ესაუბრა პროკურორ ნათია ქართველიშვილს, ის აღიარებს, რომ დაკავებულების ახლობლები თბილისის პროკყრატურაში ნამდვილად დაიბარა, თუმცა მუქარასა და შანტაჟს კატეგორიულად უარყოფს. 

ორივე ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების პირობების შეთავაზება ნამდვილად მოხდა, თუმცა ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, შესაბამისად მიმდინარეობს არსებითი განხილვა და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ დანაშაულთან თუ უდანაშაულობასთან დაკავშირებით. 
მსგავს ფაქტს (საპროცესო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში ციხეში 9 წლით გაშვებით მუქარას) ადგილი არ ჰქონია. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისად ემუქრებათ რეალური სასჯელი"- აცხადებს პროკურორი.  

გომელაურის უწყებამ ახალგაზრდები 5 თვის წინ დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ისინი პოლიციელებს გაუსწორდნენ, თუმცა საპირიროს ამტკიბენ მოწმეები, ვინც ჩხუბის თვითმხილველი გახდა. 

ამასთან, "პირველების" მიერ მოპოვებულ სამხრე კამერების ჩანაწერებში ისმის, როგორ აგინებენ სავარაუდოდ პოლიციელები ახალგაზრდებს. 

ოჯახი თავიდანვე აცხადებდა, რომ დაკავებისას პოლიციამ უფლება-მოსილებას გადააჭარბა. ვანო პატარაიას და სერგი ელიაშვილის დაზიანებების კვალი შეუიარეღებელი თვალითაც ეტყობოდათ. მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოლიციის სამიზნე თავადაც გახდნენ.