გელათის მოზაიკა იშლება
ფრესკების შემდეგ, გელათის მოზაიკაც საფრთხეშია - საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა იტალიელმა ექსპერტებმა დაათვალიერეს, შეისწავლეს და უმძიმესი დასკვნაც დადეს.
მოზაიკა პრაქტიკულად ჰაერში კიდია, ის კედლებს 21 სანტიმეტრით უკვე დაშორდა.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვიდან დაიწყება თუმცა, დოკუმენტებში, რომელიც კომიტეტის გვერდზეა ატვირთული, პირდაპირ წერია, რომ მარტში კვლევები იწყება და რეაბილიტაციის მინიმუმ 12 თვე დასჭირდება, ეს კი შესაძლოა, გელათისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
გელათის გადარჩენისთვის შექმნილი დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელი "პირველებთან" არ საუბრობს, ვისი პასუხისმგებლობაა გელათში არსებული მძიმე სურათი. დავით ლორთქიფანიძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ გელათის მოზაიკის რეაბილიტაცია 3 თვეში დაიწყება:
"გელათის მოზაიკა, მარტიდან დაიწყება მისი სრული რეაბილიტაცია. იტალიური ჯგუფი, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა, მათთან არის ოფიციალური შეთანხმება და მარტის 10 რიცხვიდან დაიწყება პროცესი. ასე რომ ყველა ღონე იქნება მიღებულ... მე ვერ გეტყვით ვისი პასუხისმგებლობაა. ეს გახლავთ წლების პრობლემები"- ამბობს დავით ლორთქიფანიძე.
სპეციალისტების კი პირდაპირ აცხადებენ, რომ კომიტეტეის წევრები ან გელათში არსებულ კატასტროფას ცუდად იცნობენ, ან ცდილობენ მძიმე სურათი რესტავრაციით შეფუთონ.
თორნიკე ბარათაშვილის თქმით, გელათი 12 თვეს ვეღარ დაელოდება.
კომიტეტეის წევრებს მგონი განსხვავებული ინფორმაცია აქვთ და გელათში არსებულ კატასტროფას ცუდად იცნობენ. ამიტომაც გელათს არ აქვს 12 თვე დამატებით იმისთვის, რომ დამატებითი კვლევების შედეგებს დაელოდონ და შემდეგ გადაწყდეს, რა ტიპის სამუშაოები იყოს ჩატარებული, რამდენადაც არის ძალიან მძიმე დღეში ფერწერის ფენა, უმძიმეს მდგომარეობაშია ასევე მოზაიკა, რომელიც სასწრაფო ჩარევას საჭიროებს. რატომღაც ჩნდება შთაბეჭრილება, რომ კომიტეტის წევრები უნრალოდ ცდილობენ, ამ უდიდესი კატასტროფის, რაც დაატყდა ამ მნიშვნელობის ძეგლს თავს, და დაატეხა თავს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, თავისი აქტიური მოქმედებებით და ამას რესტავრაციის პროცესი დაარქვა, შეარბილოს იქ არსებული მდგომარეობა"- აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი.
"ლელოს" წევრი, დეა მეტრეველი, სრულ პასუხისმგებლობას კულტურის სამინისტროს აკისრებს:
ეს არის უცოდინრობის, გულგრილობის, არაპროფესიონალიზმის, საკუთარი ისტორიის უპატივცემულობის გამოხატულება, რაც ზოგადად ხდება გელათის გარშემო. რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროა პასუხისმგებელი, ეს არის უწყება, რომელიც სრულად არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულებების კასკადზე რაც გელათის თავს ბოლო 4 წლის განმავლობაში მოხდა"- ამბობს დეა მეტრეველი.