ილია II იუბილარია - იმყოფებოდნენ თუ არა ივანიშვილი და "ოცნების" ლიდერები პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

04.01.24 20:26
ილია II იუბილარია - იმყოფებოდნენ თუ არა ივანიშვილი და "ოცნების" ლიდერები პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

 

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იუბილარია. ილია მეორეს დღეს 91 წელი შეუსრულდა.  დილიდან  პატრიარქი მილოცვებს  იღებს. იუბილე მას წერილობით მიულოცეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების  პირველმა პირებმა,  საქართველოს პრეზიდენტმა და ოპოზიციის ლიდერებმა. ყველა ხაზგასმით აღნიშნავს იმ ღვაწლს, რომელიც პატრიარქს ერის წინაშე მიუძღვის.

საპატრიარქოში საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიება ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის იუბილეზე არ იმყოფებოდა არც ბიძინა ივანიშვილი და არც ირაკლი ღარიბაშვილი.

ძალიან ვიწრო ღონისძიება იყო. დიდ დარბაზში ჩატარდა. უწმინდესი გამობრძანდა და ბოლოს სამადლობელი სიტყვა ბრძანა. რამდენიმე ადამიანმა თქვა სიტყვა ასევე, მშვიდად, წყნარად. პირველი იყო მეუფე შიო. პრემიერ მინისტრი არ მინახავს, ალბათ ადრე მიულოცეს, არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილიც არ მინახავს, არავინ არ იყო ეგეთი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ივანიშვილის არ ყოფნას პატრიარქის იუბილეზე ადასტურებს მეუფე იაკობიც.

ვისაც ჰქონდა სურვილი, ყველა მოვიდა და მიულოცა. რაც შეეხება ბიძინა არის სხვა საშუალებები, რითაც შეიძლება მიულოცო, მაგალითად ტელეფონით. იყო თუ არა პატრიარქსა და ივანიშვილს შორის ამ წლების განმავლობაში სატელეფონო საუბარი არ ვიცი, არ ვესწრებოდი",- ამბობს მეუფე იაკობი.

საპატრარქოში გამართულ ღონისძიებაზე მყოფ მღდელთმთავრებს შორის იყო ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა თბილისში, რათა პატრიარქისთვის პირადად მიელოცა იუბილე.

ვულოცავ, მაგის გამო მოვედი, რომ მივულოცო ჩვენს უწმინდესს დაბადებიდან 91 წელი. 9 ათეული გადალახა და მეათე ათეულის გადალახვას დაიწყებს ახლა", - ამბობს მეუფე ანტონი.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა მმართველი პარტიის წევრი ალუდა ღუდუშაურიც. მან საპატრიარქოში შესვლისას პატრიარქის გარდა ივანიშვილის ღვაწლზეც ისაუბრა.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, დიდია ჩვენი ამაგი. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უწმინდესს მივულოცოთ პირადად. ბუნებრივია, ყველანი ვიქნებით დღეს ამ ღონისძიებაზე. ღონისძიებაზე იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი ქვეყნისთვის გრანდიოზულია მართლაც მისი მხარდაჭერა და მისი როლი", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.