"ეპიდემიის აფეთქების საფრთხეა, ფეკალური მასები პირდაპირ ქუჩაში მოედინება" - გორში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მოსახლეობის პროტესტი გორში - შინდისის გმირების ქუჩაზე ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას თვეებია ითხოვენ. ამბობენ, რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. მოუწესრიგებელი სისტემის გამო ქუჩებზე გადაადგილებაც კი შეუძლებელია.
რეაგირება შესაბამის სამსახურებს არაერთხელ სთხოვეს, თუმცა პრობლემას არცერთი უწყება არ იმჩნევს.
ერთი თვეა წყალკანალს მივმართავთ, მერიას, ვის აღარ ვუთხარით. ყველა გვეუბნებოდ პიროვნება ნახეთ, ვინც გაწმენდსო, ავაგროვეთ ფული, არც ფულზე არავინ მოდის, არ გვყავს მანქანა რომ გავწმინდოთო, ყველა გვეუბნება. ამ კანალიზაციის გამო მეზიზღება აქ ცხოვრება, აღარ გვინდა", - ამბობს ადგილობრივი.
კომბინატის დასახლებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს ადგილობრივი ოპოზიციაც. ენმ-ს წევრი ნუნუ გიორგაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული დასახლება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.
კომბინატის დასახლება პრაქტიკულად არის ეპიდემიის აფეთქების წინაშე, რადგან რამდენიმე კვირაა ფეკალური მასები მოედინება პირდაპირ ქუჩაში. ეს არის ქსელური პრობლემა. პერიოდულად რარაცას გაწმენდენ, შეაკეთებენ, მაგრამ მოსახლეობა ყოველთვიურად არის ამ პრობლემის წინაშე. ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენი მოსახლეობის ბედით არ დაინტერესებულა. არ მოსულან, არ დაინტერესებულან, რა მდგომარეობაა ამ დასახლებაში და ეს დასახლება აინტერესებთ მხოლოდ არჩევნების წინ", - ამბობს ნუნუ გიორგაშვილი.