თავდასხმა გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგობრებზე - რა ეტაპზეა გამოძიება და ამოიღეს თუ არა კამერის ჩანაწერები?
თავდასხმა გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგობრებზე - "პირველები" მთელი დილაა არკვევს, თუ რატომ არ იყო ორბელიანის მოედანზე, იქ სადაც საახალწლო ღონისძებები იმართება და სულ ხალხმრავლობაა, გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები და როგორ მოახერხა 30-მა ადამიანმა თავდასხმა ტელეწამყვანზე.
"პირველებმა" გაარკვია, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა უსაფრთოხების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილიდან კამერის ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ. ნაზღაიძის და მისი მეგობრების გამოკითხვა კი პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რაც უსაფრთხოების ზომებს, ადგილზე დაცვა ამბობს, რომ ტერიტორიას არავინ არ აკონტროლებს.
წინა ცვლა იყო, მოვედი და სიტყვიერად გადმოგვცეს, რომ ახალგაზრდებს შორის იყო რაღაც კონფლიქტი და განიმუხტაო. საღამოს 8-9 საათის შემდეგ მოდით და ნახავთ. აქაურობას არავინ არ აკონტროლებს. კრიმინალური პოლიცია იმ დღეს იყო ზემოთ ორი საათი. დაათვალიერეს, თუმცა კამერები არ ამოუღიათ", - აღნიშნა ორბელიანზე მომუშავე დაცვის თანამშრომელი.
გიორგი ნაზღაიძის თქმით, 30-მდე პირი თავს მას და მის ორ მეგობარს, ორბელიანის მოედანზე დაესხა.
ტელეწამყვანის მტკიცებით, დანებით და ხელკეტებით შეიარაღებული ბანდა მის დაჭრას ცდილობდა. ახალგაზრდების აგრესიულმა დაჯგუფებამ იმ მოქალაქის ავტომობილიც დააზიანა, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება და ადგილიდან გარიდება სცადა.
ეს ბოლო პერიოდში ორბელიანის მოედანზე თავდასხმის პირველი მცდელობა არ არის. კრიმინალური გარჩევები აქ, ფაქტობრივად, ყოველდღიურობად იქცა.