ჯანდაცვის რეფორმის კიდევ ერთი კრახი - DRG პროგრამის ამოქმედების გამო სამშობიაროების ნაწილი სისტემას გამოეთიშა

06.01.24 11:34
ჯანდაცვის რეფორმის კიდევ ერთი კრახი -  DRG პროგრამის ამოქმედების გამო სამშობიაროების ნაწილი სისტემას გამოეთიშა

ჯანდაცვის რეფორმის კიდევ ერთი კრახი - ე.წ. "დიარჯის" პროგრამის ამოქმედების გამო სამშობიაროების ნაწილი დაიხურა, ზოგი კი ამ სისტემას გამოეთიშა.

ამჯერად გადაწყვეტილება დავარაშვილის კლინიკამ მიიღო. კლინიკაში ამბობენ, რომ ფაქტობრივად, არც ერთი ფეხმძიმე აღარ გამოთქვამდა სურვილს, რომ დიარჯის პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა, შესაბამისად კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საყოველთაო დაფინანსების სისტემიდან.

დიარჯის სისტემაში ჩართვა კი მშობიარეებს არ სურთ, რადგან სახელმწიფო სამშობიაროებს მხოლოდ 1221 ლარით და 92 თეთრით აფინანსებს, ეს თანხა კი ექიმების ანაზღაურებას აღარ სწვდება, რადგან დიარჯის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ფეხმძიმეებს და მშობიარეებს აღარ შეუძლიათ საკუთარი თანხა დაამატონ და გაიუმჯობესონ პირობები. შესაბამისად, ისინი უნდა ჩაეტიონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხაში, რითაც შეუძლიათ, რომ მხოლოდ მორიგე ექიმთან იმშობიარონ და დაწვნენ მრავალკაციან პალატაში. 

დავარაშვილის კლინიკის თანამშრომლები "პირველებს" უყვებიან, რომ დიარჯის სისტემის ფარგლებში მშობიარობაზე მინიმალური რაოდენობით ჰყავდათ პაციენტები, ამიტომ კლინიკამ გადაწყვიტა, გამოსულიყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საყოველთაო დაფინანსების სისტემიდან.

ჩვენი კლინიკა ჩაეხსნა დიარჯის სისტემას. ჩვენ გვინდოდა, პირველ რიგში, პაციენტებისთვის შეგვექმნა კომფორტი და აქედან გამომდინარე, თვითონ მიდიოდნენ, ერთვებოდნენ. 80% მაინც ჩვენთან ამოსული იყო, რადგან ჩვენი კლინიკა დიდი არ არის და ეს იყო მიზეზი. დიარჯის სისტემის ფარგლებში მშობიარობაზე მინიმალური რაოდენობით გვყავდა პაციენტები", - აღნიშნა ექიმმა მანანა შალუტაშვილმა.